top of page
Writer's pictureKhatia Nebulishvili

ხატვის გაკვეთილი



ჩემი შვილი ჩემ წინ თავის სახატავ ფუნჯებს დებს

და მთხოვს, ჩიტი დავუხატო.

ფუნჯს ნაცრისფერ საღებავში ვავლებ

და ვხატავ ურდულებიან ოთხკუთხედს,

ის შეშინებული შემომცქერის:

"მამა, ეს ხომ ციხეა ? ნუთუ არ იცი

ჩიტის დახატვა ?"

მე კი ვპასუხობ:

"ბოდიში, ვეღარ ვიხსენებ

ჩიტის ფორმებს,

ვეღარ ვიხსენებ"

ჩემი შვილი ჩემ წინ თავის სახატავ ფუნჯებს დებს

და მთხოვს, ხორბლის თავთავი დავუხატო

ვიღებ ფუნჯს

და იარაღს ვუხატავ.

ის კი დაცინვით მეუბნება:

"მამა, ნუთუ იარაღსა და ხორბლის თავთავს

ერთმანეთისგან ვერ არჩევ ?"

მე კი ვპასუხობ:

"ერთ დროს ვხატავდი ხორბლის თავთავებს,

ვხატავდი პურს და

ვხატავდი ვარდებს,

ახლა კი,

ამ მძიმე დროში,

ხეები რომ ბოევიკებს შეურთდნენ

ვარდები კი მქრქალი კამუფლაჟით შემოსილან

ამ მძიმე დროში

შეიარაღებული რელიგიების დროში

შეიარაღებული კულტურების დროში,

ჩემო პატარა, მე ვერ გიყიდი ისეთ პურს,

შუაგულში რომ ბომბი არ ედოს...

ამ მძიმე დროში

ეზოში ვარდს ვერ მოწყვეტ

ისე რომ

სახეში ეკლები არ შეგესოს.

ვერ იყიდი წიგნს

თითებშორის რომ არ აგიფეთქდეს

ჩემი შვილი ლოგინის კუთხეში ზის

და მთხოვს, ლექსი წავუკითხო

ცრემლი მომდის და ბალიშს ასველებს,

ის გაოცებული შემომყურებს:

"მამა, ეს ცრემლია და არა - ლექსი !"

მე კი ვპასუხობ:

"როცა გაიზრდები, ჩემო პატარა,

და წაიკითხავ არაბულ პოეზიას,

აღმოაჩენ, რომ ცრემლი და სიტყვა ტყუპები არიან

და არაბული ლექსი

სხვა არაფერია თუ არა თითებშორის

მჟონავი ცრემლი

ჩემი შვილი ჩემ წინ აწყობს თავის ფანქრებს

და ფუნჯებს,

მთხოვს, სამშობლო დავუხატო

მე კი თითები მიკანკალებს

და მეტირება.


ნიზარ კაბანი

0 views0 comments

Comments


bottom of page