top of page
Writer's pictureKhatia Nebulishvili

“ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე” ემილ ჩორანი

Updated: Dec 28, 2023

ეს ის სახელმძღვანელოა ჩემთვის რომ დაიწერა ოდესღაც. იმ ადამიანისთვის, რომელიც არის "მე" ანუ ჯამი გამქრალი შეგრძნებებისა. არაღიარებული (თვითაღიარებული) იობისთვის. ადამიანისთვის, რომელიც ნებისმიერ წარმატებაზე მაღლა მარცხს აყენებს. ადამიანისთვის, რომელიც მთელი შექსპირს ანუ მთელ სამყაროს გაიღებდა სულ ცოტა სულიერი სიმშვიდისათვის. მისთვის ვისაც უკვე მხოლოდ ჩამქრალი ვულკანები იზიდავს. ვინც დაღლილ იმპერატორთან უფრო მეტ საერთოს პოულობს, ვიდრე თვალისმომჭრელ წინასწარმეტყველთან. ვინც საკუთარი ბედისწერიდან გადმოხტა და აღარ იცის საით გაიქცეს... (ეს წიგნი გაქანებული დეპრესიის დროს წავიკითხე და ჩემს Goodreads-ის რევიუსაც აშკარად ეტყობა)


აქედანვე გეუბნებით, რომ ჩემ პოსტებში ავტორის ბიოგრაფიულ ამბებს ვერ წააწყდებით ხოლმე, მაგრამ ბმულებს ჩაგიგდებთ და შეგიძლიათ თავად გაეცნოთ:

მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტს გაიგებთ ავტორის შესახებ, ვიდრე ვიკიპედიას სტატიებიდან:


  • გაიგებთ რაზე ოცნებობს ავტორი: “ვოცნებობ ყველაფრისადმი გულგრილ წმინდანზე.”

  • როგორი მნიშვნელოვანია მისთვის სულიერი სიმშვიდე: “ადგე, მოწესრიგდე და დაელოდო რომელიმე გამოუცნობ დეპრესიას ან საშინელებას. მთელ სამყაროს და მთელ შექსპირს გავიღებდი სულ ცოტა სულიერი სიმშვიდისათვის.”

  • როგორი დამოკიდებულება აქვს სამყაროსადმი: “წმინდანობისთვის მხოლოდ ამა სოფლის სიძულვილი რომ კმაროდეს, არ ვიცი, როგორ ავცდებოდი კანონიზებას.”

  • და როგორი დამოკიდებულება აქვს მომავლისადმი: "მომავლის ჩემეული ხედვა ისეთი ზუსტია, შვილები რომ მყავდეს, თვალის დახამხამებაში დავახრჩობდი”


“X ამტკიცებს, რომ “კოსმიური ციკლის” ბოლოში ვიმყოფებით და რომ მალე ყველაფერი განადგურდება. ამაში წამითაც კი არ ეპარება ეჭვი. ამავე დროს ოჯახის მამაა- მრავალშვილიანი ოჯახის. ასეთი უეჭველობით აღსავსე კაცს რა გონების დაბნელებამ აიძულა, ამ განწირულ სამყაროში ბავშვის ბავშვზე მოევლინებინა? თუ წინასწარ ჭვრეტ დასასრულს, თუ დარწმუნებული ხარ, რომ არ დაახანებს, თუ იმედიც კი გაქვს მისი, მაშინ მარტო დაელოდე. პატმოსზე ბავშვებს არ აჩენენ.” (პირადად მე ამის კითხვისას ბერგმანის "მარწყვების მდელო" გამახსენდა).


  • გაიგებთ, რომ არ ესმის რატომ უხარიათ ადამიანებს დაბადება, რატომ აღნიშნავენ ამას, სამაგიეროდ ესმის თრაკიელებისა და ბოგომილების, (ამათგან პირველნი ახალშობილებს დასტიროდნენ, მეორეებმა კი ღმერთის გასამართლებლად, სატანას დააბრალეს შექმნის სირცხვილი.)



წიგნის კითხვისას აღმოაჩენთ, რომ ავტორის ტონი ძალზედ უკიდურესია და მასვე თუ დავუჯერებთ ამის მიზეზი მარტოობაში უნდა ვეძებოთ: “მარტოობა, უკიდურეს სტადიაში, მოითხოვს საუბრის ფორმას, რომელიც ასევე უკიდურესია.”



ჩემთვის ამ წიგნთან დაბრუნება დეპრესიული პერიოდის გახსენებასთანაა დაკავშირებული და ახლა (დაახლოებით 5 წლის შემდეგ) მიხარია, რომ გაუცხოებული ვარ ფრაზებთან/ემოციებთან, რომელთაც ოდესღაც ზედმეტად ცხადად განვიცდიდი:


“ერთ დილას ვუყურებდი ცხოველებს, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავდათ. თითქმის ყოველი მათგანი უარს ამბობდა ნაბიჯის გადადგმაზე. ამისთვის, რომ ეიძულებინათ, უკანა ფეხებში ურტყამდნენ.მეს სცენა ხშირად მიდგება თვალწინ, როცა ძილიდან გამოძევებულს, ძალა არ მაქვს, ყოველდღიურ ტანჯვას აღვუდგე წინ.”


“სადაა ჩემი შეგრძნებები? ისინი ჩემში გაუჩინარდნენ, და ვინ არის ეს მე, თუ არა ჯამი ამ გამქრალი შეგრძნებებისა?” (life after 25—--> not after 30 :)) (როგორი უიმედო ვიყავი, რანაირად შემეძლო?!)



მაგრამ, რა თქმა უნდა, არის "მკვლელი" ფრაზები, რომლებიც, ჩემი აზრით, მუდმივად აქტუალური და ზედმეტად გასაგები იქნება ჩემთვის:

“თუ ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ვიჩხრიკებით საკუთარ წარსულში, ჩვენივე “პრობლემების” საზიანოდ, ეს უთუოდ იმის გამოა, რომ მოგონებებს უფრო ადვილად გამოვიხმობთ, ვიდრე იდეებს.” (მიდი და გაექეცი ამ ფრაზას, ვერსადაც ვერ გაექცევი, სამწუხაროდ).

“უმორჩილესად ვთხოვ, ვინც მიყვარს, დამდონ პატივი და დაბერდნენ”- უცნაურია, ამ ავტორისგან ამ ფრაზის მოსმენა, უცნაური და უსაშველოდ სევდიანი.

“ძალიან ნორმალურია, რომ ადამიანს რელიგია კი აღარ აინტერესებს, არამედ რელიგიები, რადგანაც მხოლოდ მათი მეშვეობით შეძლებს ჩასწვდეს თავისი სულიერი დაცემის მრავალ ვერსიას”.




ვერ გეტყვით, რო ერთი სიამოვნებაა ამ "გადადებული თვითმკვლელობის" კითხვა, მაგრამ პირადად ჩემთვის, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ, ადამიანები ცუდ ფეხზე ვდგებით, მაგრამ მაინც დავდივართ, და ეს არც ისეთი ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.







31 views0 comments

Comments


bottom of page