top of page
Writer's pictureKhatia Nebulishvili

მარგველაშვილის მუღამჩიკები ანუ "მე წიგნის გმირი ვარ" :)

ჭილაიამ იცოდა ხოლმე მუღამჩიკებზე ლაპარაკი და ამდენი წლის მერეც მგონია, რომ მთავარი ამ ცხოვრებაში სწორედ ისეთი მუღამჩიკებია, აი, მათი სამყაროსთვის გაზიარების სურვილი რომ გიჩნდება :)) <3




"ისააკის გაქცევა ბეთლემში"


ძველი აღთქმა რომ გასაოცარი ამბებითაა სავსე ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოვაჩინე, ყველაზე მეტ კითხვას გიჩენს იქ მოთხრობილი ამბები და გიხარია, რომ ახალი აღთქმაც არსებობს :))

გივი მარგველაშვილს ამ მინიატურაში ისააკის გადარჩენისთვის მეგზურები სჭირდება და დირექტივებსაც გვაძლევს (დიახ, ეს მეგზურები ჩვენ ვართ, ჩვენ ხომ წიგნის გმირები ვართ, დაგავიწყდა?!): "ფრთხილად, თუ შეიძლება! მეტისმეტად ნუ გადაიხრებით ქვემოთ ყურებისას! თორემ შეიძლება თავით გადაეშვათ ჩვენი მფრინავი თეფშიდან ხელ-ფეხი დაილეწოთ ბიბლიურ მიწაზე."

ნელ-ნელა პერსონაჟებიც შემოყავს, საზარელი სურათია: დანამოღერებული მამა შვილს მისდევს და თხოვს "რომ გაჩერდეს პატარა ბიჭი და მორჩილად დააკვლევინოს თავი მამას ღმერთის ბრძანების შესაბამისად". ეს შემზარავი შეჯიბრი სირბილში რთული საყურებელია, ჩვენ კი ვიცით, რომ საბოლოოდ ეს მსხვერპლშეწირვა არ შედგება, მაგრამ ბიჭს როგორ დავაჯეროთ?! "გარდა ამისა, საიდან უნდა მოიკრიბოს იმდენი გაბედულება ამ საბრალო, პატარა ბიჭმა, რომ გააფთრებულ მამას ჩაბარდეს? თან ყოველ წუთს ხიფათი ემუქრება! აბრაამი ხომ მასზე ბევრად უფრო ძლიერი და გრძელფეხებაა. ძველი ტექსტის მიდამოსაც ბევრად უკეთ იცნობს.." დროა ჩავერიოთ და ვეცადოთ, ახალი აღთქმის ისტორიის საზღვართან მივიყვანოთ (ეს ახალი ტექსტი მეტად უფრო შემწყნარებელია, აქ ღმერთი სხვის შვილებს არ ითხოვს მსხვეროლად, მხოლოდ თავისას..).

გზა მარტივი არაა, იობის წიგნთან (დიახ, დიახ, სწორედ აქ) მოხუცმა მამამ ლამის იყო დაიჭირა ჩვენი ისააკი, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან გვინდა ამ პატარა ბიჭის გადარჩენა?! და მიუხედავად იმისა, რომ ძველტექსტისმიერ არსებას თემატურად ეკრძალება აქ შემოსვლა, ვახერხებთ კიდეც მის ბეთლემში მიყვანას ... აქ მას საფრთხე აღარ ემუქრება :) <3




"წიგნის გმირების დროული გადასახლება"


ისევ ბავშვების გადარჩენის დროა? მათი სახელები უცნობია, ახალ აღთქმაში ვართ (აქაც გვყავს გადასარჩენი ხალხი); ადგილი-მათეს სახარება, ბეთლემი; დრო- ყრმათა გაჟლეტის წინა დღე; მისია: "მშობლიური კუთხიდან აყრილი მშობლები და ყრმანი მათ ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, რადგან აქ არ ხდება ყრმათა გაჟლეტა და უასაკო ლტოლვილებს წიგნის სამყაროს ამ მხარის ისტორია ხიფათს არ უქადის."



"აღქმის ჯვარზე"

(ნაწყვეტი)


"და ასე ჰკიდიან დღესაც იქ:არადჩაგდებულნი, ვერშეცნობილნი,- ცარიელი აღქმის ჯვარზე და რადგანაც სხვა გამოსავალი არ არსებობს,- დედამ შეუპოვრად მიიღო ეს მარტვილობა: ყველას თვალწინ იგი ნირუცვლელად აწოვებს ძუძუს თავის პატარას. მას სწყურია,- ასე ამბობენ,- ამას მაინც მიაღწიოს და ნახატ სამყაროშიც გაზარდოს თავის შვილიო."



"ვფხიზლობდი, რათა არ გამღვიძებოდა"

     (ნაწყვეტები)


"სიზმრის ბინადართათვის ჩვენი გამოღვიძება სიკვდილს უდრის. ეს არის მათი სიზმრეული გულის გასკდომა.

ამიტომ ასე ჩქარობენ მუდამ, რათა მოასწრონ სიზმარ-სიუჟეტის დამთავრება და კვლავ უხილავნი გახდნენ ჩვენთვის, ვიდრე გავიღვიძებდეთ.

ამიტომ ლამობენ ჩვენგან უკუმიქცევას, ამიტომ არიან მზად ურთიერთშენაცვლებისთვის. ამიტომ ცდილობენ, არასოდეს აღმოჩნდნენ უკანასკნელნი მოქმედი პირნი ჩვენს სიზმარში."


"სიზმართა ახსნის ერთი კანონი: სიზმრის სამყაროს ადამიანი, უნდა შევძლოთ და ისე წარმოვიდგინოთ, როგორიც ის იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ შეაკრთობდა ჩვენი გამოღვიძების შიში, ანუ, თუ დასიზმრებულს არ შეეშინდებოდა დამსიზმრებლისა.

სიზმრის სამყაროს ადამიანთა უშიშროებისთვის საჭიროა მარადიული მესიზმრე. მაგრამ ეს დღეს ჯერჯერობით უტოპიაა, უტოპია, რომლისაც სიზმართა ქვეყნის არცერთ ბინადარს არ სჯერა."




"იხსენით არწივი!"

(ნაწყვეტები)


"იცი კი, ძვირფასო მკითხველო, რა ტანჯვას განიცდიან სიმბოლოთა ცხოველები? რა აუტანელი ცხოვრებით ცხოვრობენ ისინი სიმბოლოთა და მნიშვნელობათა სამყაროში? განა ოდესმე გიგრძვნია, როგორ ეწამებიან ეს ცხოველები სიმბოლოებში, იმ დანაშაულობათა წყალობით, ჩვენ მიერ და ისევ და ყოვლად დაუფიქრებლად გასიმბოლოებული ადამიანები რომ სჩადიან?"


"და განა ცხოველთა გადაქცევა სიმბოლოებად მათი წამების ყველაზე საშინელ ფორმად არ უნდა ჩაითვალოს?"


"ძვირფასო მკითხველო, აი, ტყავის მძიმე ხელთათმანი, წარმოსახვით ჩაიცვი შენს მარჯვენა ხელზე! აი, ასე! ახლა ხელი მაღლა ასწიე და თვალები სვასტიკის თავზე გამსახულ არწივს მიაპყარ. კარგია! ახლა მოუხმე მთელს შენს წარმოსახვა და წარმოიდგინე: რომ არწივი გადმოფრინდა იმ ბოლოებაღუნული ჯვრიდან და მაჯაზე დაგაჯდა. და მერე? მერე ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის არასიმბოლურად გამოკვებასა და სიცოცხლისა და წიგნის ტექსტში შენახვას. ცხადია, გვესმის ამოცანის სირთულე! წინააღმდეგობასაც ბევრი გვიწევს, რადგან სიმბოლო, რომელშიც არწივი იჯდა, მართლაცდა, უსაშინლეს სიმბოლოთა რიცხვს განეხუთვნება. მაგრამ არწივი რა შუაშია?"

22 views0 comments

コメント


bottom of page